განწმენდა

წერილი სიტყვას განწმენდას სხვადასხვაგვარად იყენებს. თავდაპირველად, ვხედავთ, რომ ღმერთის თვალში ჩვენ განწმენდილნი ვართ. მაგრამ ასევე ვამჩნევთ, რომ აქ, დედამიწზე, მაინც ვცოდავთ და შეცდომები მოგვდის. განწმენდა არის პროცესი, როცა უფალი გვზრდის და გვცვლის, რომ უფრო მეტად მივემსგავსოთ იესო ქრისტეს.

პეპლის ფრთების ნაზი შრიალი ტრანსფორმაციის ხმაა, რაღაც ახალის გაჩენის ხმა. ქრისტეში ახალი ქმნილებები ვართ (2 კორინთელთა 5:17). მაგრამ რა ხდება ამის შემდეგ? როგორ მივემსგავსოთ ქრისტეს უფრო და უფრო მეტად (1 იონეს 4:17)?

პირველი ნაბიჯი განწმენდის გზაზე გამართლებით იწყება . 1 კორინთელთა 6:11 მუხლში ვკითხულობთ: ,,ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი უწინ; მაგრამ განიბანეთ, მაგრამ წმიდა გახდით, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით”. ქრისტემდე რჯულის ქვეშ ვიყავით, ახლა კი მადლის ქვეშ ვართ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ გავმართლდით უფლის წინაშე იმის გამო, რაც ქრისტემ გააკეთა ჯვარზე ჩვენთვის. ღმერთმა ჩვენზე იზრუნა და ჩვენ მაგივრად გააკეთა ყველაფერი, რაც გადარჩენისთვის იყო საჭირო და ეს დაუმსახურებელი სიკეთე საკმარისია ჩვენი ხსნისთვის. ებრაელთა მიმართ წერილი ამბობს, რომ ქრისტე იყო საბოლოო მსხვერპლი, რომელმაც შეძლო ის, რაც მსხვერპლად შეწირულმა ათასობით ცხოველმა ვერ შეძლო. ებრაელთა 10:10 ამბობს: ,,სწორედ ამ ნებით ვართ ჩვენ განწმედილნი - იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით”. ეს მუხლები განწმენდას როგორც ჩვენს მიძღვნას ისე განიხილავს . 

გამართლების შემდეგ, დღითი დღე, თანდათან  ვიწმინდებით.

იესომ ილოცა: ,,განწმიდე ისინი ჭეშმარიტებით; შენი სიტყვაა ჭეშმარიტება. როგორც შენ მომავლინე წუთისოფელში, მეც ასევე მივავლინე ისინი წუთისოფელში. ჩემს თავს განვწმედ მათთვის, რათა ისინიც განწმედილნი იყვნენ ჭეშმარიტებით”. 

ზემოთ მოყვანილ მონაკვეთში, იესო თავის თავს გამოყოფს ჯვარცმისთვის, რაც მამის ნებაა. ჩვენც გამოყოფილნი ვართ მისი საქმისთვის (მისი ნებისთვის, მისი მიზნისთვის, იმისთვის, რომ გამოგვიყენეოს), გამოყოფილნი ღვთისმოსაობისთვისა და სიწმინდისთვის. 

სიტყვა განწმენდა, რომელიც გამოყენებულია იოანეს 17:17-19 მუხლებში, არის ბერძნული სიტყვა ჰაგიაძო და ნიშნავს განწმენდას, გამოყოფას, მიძღვნას. ჩვენ გამოყოფილი და განწმენდილნი ვართ მისი მიზნისთვის. მიძღვნილნი ვართ ქრისტეს მსახურებისთვის. 

მიუხედავად ამ ყველაფრისა, გადარჩენის შემდეგაც კი ბევრ შეცდომას ვუშვებთ. ღმერთისთვის ეს შესაძლებლობებია, რომ ჩვენზე იმუშაოს და დაგვეხმაროს, გავიზარდოთ, როგორც ხელახლა შობილი ქრისტიანები (ნახეთ იოანეს მე-3 თავი). რომაელთა 8:29 არაჩვეულებრივი სურათია განწმენდის. თანდათან გარდავისახებით მისი ძის ხატებად. განწმენდა გულისხმობს იმას, რომ ღმერთი მუშაობს ჩვენში და ჩვენგან. იუდამ თავის წერილში დაწერა: ,,მოწოდებულებს, საყვარელთ მამა ღმერთში და დაცულებს იესო ქრისტეში. წყალობა, მშვიდობა და სიყვარული გაგიმრავლდეთ.” ორიგინალ ენაზე, ანუ ბერძნულში, სიტყვა დაცულის მაგივრად გამოყენებულია განწმენდილი, შესაბამისად, მოცემული მუხლი ორიგინალში ჟღერს შემდეგნაირად: ,,მოწოდებულებს, საყვარელთ მამა ღმერთში და განწმენდილებს იესო ქრისტეში. წყალობა, მშვიდობა და სიყვარული გაგიმრავლდეთ”.  მამა, ძე და სულიწმინდა, სამივე ჩართულია ჩვენი განწმენდის პროცესში. უფალს იმისთვის არ გადავურჩენივართ, რომ მივეტოვებინეთ. იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ ამ პროცესში.

 

მამა ღმერთთან მოზიარეობა განწმენდის პროცესის ყველაზე ტკბილი და ძვირფასი ნაწილია. მოდით, ვნახოთ რამდენად მნიშვნელოვანია მისი მადლი ჩვენი განწმენდის პროცესში. 

გადარჩენის მიღებით პირველად ვეზიარებით ამ მადლს. მეფსალმუნე ამბობს: ,,იგემეთ და ნახეთ, რომ კარგია უფალი; ბედნიერია კაცი, ვინც მას აფარებს თავს” (ფსალმუნი 33:8). გამწმენდი მადლი გარდაგვქმნის, გვზრდის, გვამწიფებს და გვანვითარებს. ღმერთის მადლი განწმენდის მამოძრავებელი ძალაა.

ტიტეს 2:11-14: ,,ვინაიდან გამოჩნდა ღვთის მადლი, რომელიც ყველა ადამიანის მხსნელია, რომელიც გვასწავლის, რომ უარვყოთ უღმერთობა და ამქვეყნიური გულისთქმანი, და გონივრულად, სიმართლითა და ღვთისმოსაობით ვიცხოვროთ ამ წუთისოფელში. ნეტარების იმედით მოველოდეთ, ჩვენი დიადი ღვთისა და ჩვენი მაცხოვრის, ქრისტე იესოს დიდების გამოჩენას, ვინც თავი დასდო ჩვენთვის, რათა გამოვესყიდეთ ყოველგვარი ურჯულოებისგან და თავისთვის განეწმიდა რჩეული ხალხი, კეთილ საქმეებს მოწყურებული”. 

ეს მონაკვეთი ამბობს, რომ მადლი გვასწავლის, რომ უარვყოთ ამქვეყნიური გულისთქმები. ღმერთი, მთელი თავისი მადლით, გვასწავლის, გვრწვთნის და გვმოძღვრავს. უღმრთო ადამიანებიდან ღვთიურ ადამიანებად გვაქცევს. საკუთარი ძალებით და მცდელობებით ამას ვერ შევძლებთ, ეს მხოლოდ უფალს შეუძლია. მისი მადლი დღითი დღე გვეხმარება, რომ თავი დავაღწიოთ შეცდომებს, მარცხს, ცოდვის ბორკილებს, შიშს და ყველაფერს, რაც გვახსენდება.

უფალმა გვაჩუქა:

გადარჩენა ქრისტეს მეშვეობით.

ხსნა ცოდვისგან, სიკვდილისგან და ჯოჯოხეთისგან.

ცხონება, რომელსაც მივყავართ უფრო მშვენიერსა და დიდებულთან, რომელიც არის ქრისტე და მარადიულობა. 

გამოგვიხსნა:

ჯოჯოხეთიდან ზეცაში

ცოდვიდან - სიმართლეში

საკუთარი თავისთვის ცხოვრებისგან - ქრისტესთვის ცხოვრებაში.

მათეს სახარების 16:24-26 მუხლებში ქრისტე საკუთარი თავის უარყოფის ფენომენს აღწერს და ამბობს: ,,მაშინ უთხრა თავის მოწაფეებს იესომ: "ვისაც უნდა, რომ გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე. რადგან ვისაც თავისი სულის გადარჩენა სურს, დაღუპავს მას; ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაიღუპავს სულს, იგი მოიპოვებს მას. რა სარგებლობა აქვს ადამიანს, თუნდაც მთელი ქვეყანა შეიძინოს, სულს კი დაკარგავს? ან რას გაიღებს ადამიანი თავისი სულის სანაცვლოდ?”. განწმენდის პროცესი საკუთარი თავის ყოველდღიურად უარყოფას მოიცავს. ჩვენ გვესმის, რომ ჯერ კიდევ ვცოდავთ, მაგრამ ღვთის მადლი არის იმისთვის, რომ მოგვცეს მიტევება გადარჩენისთვის და წყალობა ყოველი დღისთვის. იოანეს მე-13 თავში იესო მოწაფეებს ფეხს ბანს. როცა პეტრეს ჯერი დგება, პეტრე უარს ამბობს, იესომ ფეხი დაბანოს, რაზეც იესო პასუხობს, რომ თუ ფეხს არ დაგბან, ჩემში წილი არ გექნებაო. ამის გაგონებაზე პეტრემ ქრისტეს სთხოვა, რომ არა მხოლოდ ფეხი, არამედ ხელებიც და თავიც დაებანა. იესომ უპასუხა, რომ პეტრე უკვე განბანილი იყო მთლიანად და მხოლოდ ფეხების განბანვა სჭირდებოდა. ქრისტე იმას გულისხმობდა, რომ პეტრე ნაპატიები იყო. უკვე სუფთა იყო (იმავე გზით, როგორც ჩვენ გავიწმინდეთ, როცა პირველად მივიღეთ ქრისტე), მაგრამ საჭირო იყო, იესოს მისი ფეხები დაებანა. ჩვენ მაინც ვუშვებთ შეცდომებს და უფლის პატიება გვჭირდება, ანუ რეგულარული ფეხის განბანა. ფეხის განბანა ყოველდღიურობაში დაშვებული შეცდომების მონანიება და პატიებაა. ეს განწმენდის ნაწილია, უბრუნდებოდე ღვთის მადლს პატიებისთვის და მიძღვნისთვის. 

მადლი და პატიება არ უნდა მივიჩნიოთ, როგორც თანხმობა ქვეყნიერებით ტკბობისთვის. რომაელთა 6:15 ამბობს: ,,მაშ, ახლა რა, ხომ არ ვცოდოთ, რაკი რჯულის ქვეშ კი არა, მადლის ქვეშ ვართ? არამც და არამც!”. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთი კი გვაძლევს მადლს და გვპატიობს როცა ვცოდავთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თავისუფლად შგვიძლია შევცოდოთ. (რომაელთა 6:1-4). თუ ბავშვი იტყუება, იპარავს და დედა ეუბნება: ,,მამაშენი ყოველთვის მოაგვარებს ამ პრობლემებს, არ იჯავრო”, რა გამოდის? ამ შემთხვევაში ვერ ვხედავთ ჭეშმარიტ მონანიებას, რომელიც გულისხმობს ცოდვის მიტევებას. უნდა ვგრძნობდეთ პასუხისმგებლობას. ჩვენს ახალ ცხოვრებას ქრისტეში ახალი აღთქმის მწერლები ქრისტეს მსახუხობას ადარებენ. უკვე ცოდვას კი არ ვემორჩილებით, არამედ ქრისტეს, რაც, ამავდროულად, თავისუფლებაა (რომაელთა 6:17,18). თავისუფლება ქრისტეში ხორცის გულისთქმების მიხედვით სიარულს არ გულისხმობს. ჩვენ სულით უნდა ვიაროთ (გალატელთა 5:25). მადლი ზრდისთვის არის და არა იმისთვის, რომ გზიდან გადავუხვიოთ. ებრაელთა მიმართ წერილის ავოტრი ამას განმარტავს: ,,ამიტომ, მეტი გულისყური გვმართებს მოსმენილისადმი, რათა არ გადავუხვიოთ” (ებრაელთა 2:1).

ღმერთის მადლი მოიტანს შედეგს თუ ამით ვიცხოვრებთ. პავლე ტიმოთესთან საუბარში ვედრებით ამბობს: ,,ჰოდა, ჩემო შვილო, გაძლიერდი მადლში, ქრისტე იესოში რომ არის. ტანჯვაშიც ეზიარე, როგორც იესო ქრისტეს კეთილმა მეომარმა” (2 ტიმოთეს 2:1,3). ტიმოთე შედარებულია მეომარს, რომელიც უფლის მადლით არის ძლიერი. ეს რომელი მადლია, გამმართლებელი თუ განმწმენდელი? განწმენდელი! ტიმოთე უკვე გამართლდა რწმენის მეშვეობით უფალ იესოს მადლით. მეტიც, წერილის დაწერის პერიოდში უკვე 6 წელია, რაც ტიმოთე ეკლესიას მწყემსავს! მიუხედავად ამისა, პავლე მაინც ახსენებს ტიმოთეს, რომ უფლის მადლი ყოველდღე სჭირდება და ევედრება: ,,ჩაეჭიდე საღი სიტყვების ნიმუშს, რაც ჩემგან მოისმინე რწმენითა და სიყვარულით, რომლებიც ქრისტე იესოშია. შეინახე კეთილი საწინდარი სულიწმიდის მეშვეობით, რომელიც მკვიდრობს ჩვენში” (2 ტიმოთეს 1:13,14).

ნება მომეცი, გკითხო: ფიქრობ, რომ სუსტი ქრისტიანი ხართ? გიჭირს  ქრისტიანულ გზაზე მყარად დგომა? 

თუ ეს ასეა, ილოცე, რომ უფრო მეტად აგავსოს მადლით უფალმა. პავლეს ,,ეკალი მიეცა სხეულში” და უფალს სთხოვდა, რომ მოეშორებინა. სამჯერ სთხოვა უფალს მაგრამ ღმერთმა უპასუხა: ,,საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა”. შემდეგ პავლე აგრძელებს და ამბობს, რომ ახლა უძლურებით იკვეხნის: ,,ვინაიდან როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი!” (2 კორინთელთა 12:10).

 

საკუთარ თავებს უნდა ვთხოვოთ ვართ თუ არა ღმერთის მადლით გარშემორტყმულნი! მაინტერესებს, არის თუ არა ვინმე, ვინც ვერ გრნობს მხნეობას ქრისტიანულ გზაზე. იაზრებ, რომ განწმენდილი ხარ, მაგრამ თითქოს 3 ნაბიჯს წინ და 4 ნაბიჯს უკან დგამ. შესაძლოა, თავს დამარცხებულად, იმედგაცრუებულად, დამწუხრებულად გრძნობ, თითქოს მტერი გამუდმებით გცემს სხვადასხვა ცდუნებებით. თუ დრო გაქვთ, წაიკითხეთ 2 კორინთელთა 4:7-15. იცოდეთ, რომ განწმენდა ჩვენი კომპეტენცია არ არის. გახსოვდეთ, რომ იმ ღმერთთან ერთად დავდივართ, რომელიც თავს მაღლა გაწევინებს (ფსალმუნი 3:3).

და იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ურთიერთობა ღმერთთან და განწმენდის პროცესში არიან, მაგრამ უნაყოფონი და არასტაბილურნი გახდნენ, ვეტყოდი, რომ გახსოვდეთ, ყველაფერი გულიდან მოედინება. იესო ასწავლიდა, რომ გულში მოჭარბებულს ბაგე ლაპარაკობს (მათეს 12:34). დავითი ლოცულობდა და უფალს სთხოვდა, რომ მისი გული შეეცვალა: ,,სუფთა გული შექმენი ჩემში, ღმერთო და წრფელი სული განმიახლე”. ასევე იგავების წიგნის ავტორი გვაფრთხილებს, რომ ,,ყველაფერზე მეტად დაიცავი შენი გული, რადგან მისგან მოედინებიან სიცოცხლის წყაროები”. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ადამიანებსაც ვთხოვოთ დახმარება საკითხებში, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ჩვენს ცხოვრებაზე. მაგრამ იცოდე, რომ საბოლოოდ ადამიანური ფსიქოლოგია ვერ დაგეხმარება გახდე ის, ვინც ღმერთმა ჩაიფიქრა, რომ იყო. საკუთარი ძალებით მიღებულ დახმარებას ჩვენი ყურადღება საკუთარი თავისკენ გადააქვს და არა ჩვენი შემოქმედისკენ. ადამიანს არ შესწევს ძალა დაინახოს გული, ხოლო ღმერთს არა მხოლოდ დანახვა, მისი შეცვლაც კი შუძლია. თუკი საუბარში და ცხოვრების წესში მეტი ღვთისმოსაობა გვჭირდება, ესე იგი ჩვენი გული მეტი მადლით უნდა ავავსოთ, მადლით უნდა განმტკიცდეს. 

რა არის განწმენდის მტკიცებულება?

ჩვენმა ცხოვრებამ დედამიწაზე ზეცა და წმინდა ღმეთი უნდა აირეკლოს. ზეციერზე უნდა ვფიქრობდეთ და არა მიწიერზე (კოლასელთა 3:2). ებრაელთა 13:9 გვაფრთხილებს: ,,არ გაგიტაცოთ სხვადასხვა უცხო მოძღვრებამ; კარგია გულის გამაგრება მადლით და არა საჭმლით, რომლისგანაც სარგებელი ვერ ნახეს მისმა მიმდევრებმა”. ადამიანს საცერემონიო საკვებითა და ტრადიციებით გამართლების მოპოვება არ შეუძლია. რა სულიერ საკვებს იღებ? თუ იესო სიცოცხლის პურია, იკვებები მისით? არის უფლის სიტყვა შენი საზრდო? თუკი ამ საკვებს გემოს გაუსინჯავ უფრო და უფრო მოგინდება! იგემე და ნახე! შემდეგ კი ნაყოფი გამოიღე. ქრისტე ამბობს, რომ მორწმუნეების ამოცნობა მათი ნაყოფით არის შესაძლებელი (მათეს 7:15-20). ღმერთის ხელშესახებ მოქმედებას გარეგნული გამოხატულებაც აქვს სულის ნაყოფების სახით (გალატელთა 5:22, 23). სთხოვე ღმერთს, რომ ხილვადი გახადოს ნაყოფი, რომელიც გამოაქვს, ხოლო თუ თავს მომაკვდავ ყლორტს ამსგავსებ, სთხოვე ღმერთს, მებაღეს, რომ განგაახლოს და გააცოცხლოს შენი სული.

ებრაელთა 13:9 ამბობს, რომ უცხო მოძღვრების ქარმა არ უნდა გავიტაცოს. რა არის ეს უცხო მოძღვრების ქარი?

ცრუ ანუ უცხო მოძღვრება ყველა მხრიდან ისმის! ახალი ამბებიდან, სოციალური ქსელებიდან, მეგობრებიდან, ოჯახიდან, წიგნებიდან, პოლიტიკიდან, ყოველი მხრიდან საკუთარ მოსაზრებებს, ფიქრებს და იდეებს გახვევენ თავს, რომელთაგანაც ურავლესობა, ერთი შეხედვით, გარეგულად კარგი ჩანს. თუმცა რას ამბობს წმინდა წერილი? გამოიკვლიე უფლის სიტყვა და თავად მიაკვლიე ჭეშმარიტებას (საქმე მოციქულთა 17:11). თუ ამ საკითხს ეკლესიის ჭრილში განვიხილავთ, ყურადღება უნდა მივაქციოთ ექსპერიმენტულ და ზედმეტად ემოციურ დოქტრინებს. მაგალითად, “ტორონტოს კურთხევის” სახელით ცნობილი ე.წ წმინდა სიცილი, რომელიც რეალურად უწმინდურია. წმინდა წერილში არასად არ წერია ერთად შეკრება და უკონტროლო სიცილი. ,,აყვავების სახარება” კიდევ ერთი ცრუ მოძღვრება. ქრისტე ქადაგებდა, რომ წუთისოფელში ჭირი გვექნებოდა და შეგვიძულებდნენ კიდეც (იოანეს 16:33; იოანეს 15:19)! ის არ გვპირდება ფულს, სიმდიდრესა და ძალაუფლებას. ქრისტეს თავადაც არ ჰქონია არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი დედამიწაზე ყოფნისას მიუხედავად იმისა, რომ ის მეფეთა მეფე და უფალთ უფალია. აგრეთვე ლეგალიზმიც შემოიპარება ხოლმე ქრისტიანობაში, რომელიც ამბობს, რომ გადარჩენისთვის კეთილი საქმეებიც საჭიროა. იაღოვას მოწმეები და მორმონებიც არასწორ მოძღვრებას ასწავლია და ამბობენ, რომ ბიბლია მათთვის ერთ-ერთი წმინდა წიგნია, თუმცა ბიბლიის სწავლებებისგან შორს დგანან და ამვეყნიურ ,,წინასწარმეტყველებს” უსმენენ. ფხიზელი უნდა ვიყოთ ბიბლიის კითხვისას, როგორც ჭეშმარიტებასთან, რომელიც სარწმუნოა. 

ბოლოს კი ვიტყვით, რომ ღმერთია ყველაფრის წყარო და ადამიანი - არაფრის. ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ განწმენდის პროცესში ჩვენ არაფერს ვაკეთებთ? არა. მთლიანად ჩართულნი ვართ ამ პროცესში, მაგრამ არა ადამიანური სიბრძნით წარმოდგენილი გზით, არამედ ქრისტესადმი მიძღვნილი ცხოვრებით. მადლში უნდა გავიზარდოთ, ჩვენი გულები მადლით უნდა განმტკიცდეს, გამაგრდეს და დაფუძნდეს. თუ ფრთხილად არ ვიქნებით, შესაძლოა რჯულისა და ლეგალიზმის გავლენის ქვეშ აღმოვჩნდეთ. ღმერთი ოსტატი მშენებელია (1 კორინთელთა 3:9-15). სახლი მშენებელის გარეშე ვერ აშენდება. ,,ვინაიდან ყოველ სახლს ვიღაც აშენებს, ხოლო ყოველივეს აღმშენებელი ღმერთია” (ებრაელთა 3:4).

 

,,პირიქით, აღიზარდენით ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლსა და შემეცნებაში. მას ეკუთვნის დიდება ახლა და უკუნისამდე. ამინ!” 2 პეტრეს 3:18

2022-04-08 უკან დაბრუნება