ქრისტეს ღვთაებრიობა

ქრისტე მთელ ბიბლიაში სხვადასხვა სახელით და წოდებით მოიხსენიება, რომლებიც მის ღმერთობას ამტკიცებენ. მისი ღმერთობა წერილის ცენტრალური საკითხია.

ქრისტეს ღვთიურობა აუცილებელია ღმერთისა და მისი გამოხსნის ისტორიის გაგებისთვის. სწორედ ღმერთობის მტკიცების გამო გამოცხადეს იესო დამნაშავედ სასამრთლოზე. ხალხმა იესოს ჰკითხა ქრისტე იყო თუ არა იგი. მან კი უპასუხა: ,,რომ გითხრათ, არ მერწმუნებით, და რომ გკითხოთ, არ მიპასუხებთ. მაგრამ ამიერიდან ღმერთის ძალის მარჯვნივ დაჯდება ძე კაცისა”. მაშინ თქვა ყველამ: "მაშ, შენა ხარ ღმერთის ძე?” მიუგო: "თქვენ ამბობთ, რომ მე ვარ”. მათ კი თქვეს: "მეტი რაღა მოწმობა გვჭირდება? თვითონვე მოვისმინეთ მისი პირიდან” (ლუკას 22:67-71). ამისთვის დასდეს მსჯავრი. როდესაც ვინმე რამეს ამტკიცებს, ნათქვამი მტკიცებულებით უნდა გაამყარონ. ქრისტე ამტკიცებდა, რომ ღმერთი იყო. მისი სიტყვები და სასწაულები და, საბოლოოდ, მისი სიკვდილი და აღდგომა, ამის მტკიცებულება იყო. ვინც მისი საქმეები იხილა, იმავეს ამბობდა მასზე. იესო არის ღმერთი. დედამიწაზე ხორცშესხმული ღმერთი დააბიჯებდა

 

იოანეს სახარებაში ავტორი ამტკიცებს, რომ იესო ღმერთია. ის მოვიდა რომ გააცხადოს ჭეშმარიტება, რათა ვირწმუნოთ და გადავრჩეთ. იოანეს 1:1-3 ამბობს: ,,დასაწყისში იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი. ის იყო დასაწყისში ღმერთთან. ყოველივე მისი მეშვეობით შეიქმნა; და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა”. ვინ იყო სიტყვა და რანაირად იყო იგი დასაწყისში ღმერთთან? თუ მომდევნო მუხლებსაც ვნახავთ, ვნახავთ, რომ იოანე ხსნის თუ ვინ არის სიტყვა. იოანეს 1:14 ამბობს: ,,და სიტყვა გახდა ხორცი და დამკვიდრდა ჩვენ შორის მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც მამისგან მხოლოდშობილის დიდება”. მისმა საქმეებმა და სიტყვებმა ადამიანები ამაში დაარწმუნა.

იცნო ხალხმა თუ ვინ იყო იგი?

თომა: იოანეს 20:28 მუხლში იესოს ჭრილობების ნახვის შემდეგ, ,,მიუგო თომამ და უთხრა მას: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!”

პეტრე: როდესაც იესომ ჰკითხა თუ რას ფიქრობდა პეტრე, ვნ იყო იესო, ,,სიმონ-პეტრემ მიუგო: "შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთისა” (მათეს 16:16)

რომაელი ასისთავი და ჯარისკაცები: როდესაც იესომ უკანასკნელად ამოისუნთქა, მიწა იძრა, კრეტსაბმელი გაიხა და საფლავები გაიხსნა. რომაელმა ასისთავმა შიშით შესძახა: ,,ჭეშმარიტად ღმერთის ძე იყო იგი!” (მათეს 27:54)

იესოს ნათლობის დამსწრეები: როდესაც იოანე ნათლისმცემელმა იესო მონათლა, ღმერთმა ნათლად დაამოწმა მისი ძის ვინაობა: ,,მოინათლა რა იესო, მაშინვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ ცანი და იხილა მან სული ღმერთისა, მტრედივით ჩამომავალი, მასზე რომ ეშვებოდა. და აჰა, ხმა ციდან მეტყველი: "ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე” (მათეს 3:16, 17)

ეს ყველაფერი თვითმხილველთა მოწმობებია, რომ იესო ღმერთია. ინკარნაცია ამტკიცებს მის ღვთიურ ბუნებას; სხვა მონაკვეთებიც გვაქვს, რომლებიც ამტკიცებს, რომ იგი ღმერთი იყო.

ებრაელთა მიმართ წერილის ავტორი თავის წერილს ამ სიტვებით იწყებს: ,,ღმერთი, ძველთაგან მრავალჯერ და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველთა მეშვეობით, ამ უკანასკნელ დღეებში კი გველაპარაკა ძის მიერ, რომელიც ყოვლის მემკვიდრედ დაადგინა და რომლის მეშვეობითაც შექმნა საუკუნეები. ის არის მისი დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანარეკლი, რომელსაც თავისი ძალის სიტყვით უპყრია ყოველივე. დაასრულა რა ჩვენი ცოდვებისგან განწმედა, დაჯდა მაღლა, დიდების მარჯვნივ. ანგელოზებზე იმდენადვე უმაღლესი გახდა, რამდენადაც მათზე უდიდესი სახელი დაიმკვიდრა” (ებრაელთა 1:1-4). შემდეგ აგრძელებს და ამოწმებს თუ ვინ არის ქრისტე, რისთვისაც ძველი აღთქმიდან იმოწმებს ფსალმუნი 2:7 და 2 სამულის 7:14 მუხლებს.

იესო ღმერთის ძეა და ამავდროლად თავადაც ღმერთია, როგორც ეს ფილიპელათა მე-2 და კოლასელთა 1-ელ თავში დასტურდება. მოდით, ვნახოთ ეს მუხლები

პავლე ამოწმებს, რომ იესომ ,,თუმცა ღვთის ხატება იყო, მისატაცებელ რამედ არ ჩათვალა ღვთის თანასწორად ყოფნა, არამედ წარმოიცარიელა თავი მონის ხატება რომ მიიღო, გახდა რა მსგავსი ადამიანებისა” (ფილიპელთა 2:5-7). შემდეგ აგრძელებს და ამბობს, რომ ქრისტე სიკვდილამდე ერთგული იყო და ამაღლებული ( ფილიპელთა 2:8-11). შემდეგ კოლასელთა 1:13-20 მუხლებში წერია, რომ ,,რადგან მან გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისგან და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სამეფოში, რომელშიც გვაქვს გამოსყიდვა და ცოდვების მიტევება. ვინც არის უხილავი ღვთის ხატება, პირმშო ყოველი ქმნილებისა, ვინაიდან მისით შეიქმნა ყოველი, რაც ცაში და დედამიწაზეა, ხილული და უხილავი, ტახტები და მეფობანი, მმართველობანი და ხელმწიფებანი - ყველაფერი მის მიერ და მისთვის არის შექმნილი. ის არის უწინარეს ყოვლისა და ყოველივე მისით დგას. ის არის თავი სხეულისა, რომელიც ეკლესიაა. ის არის დასაბამი, პირმშო მკვდართაგან, რათა მას ჰქონდეს პირველობა ყველაფერში. ვინაიდან სასურველი იყო მამისთვის, რომ მასში დამკვიდრებულიყო მთელი სისავსე, რათა მისი მეშვეობით შემოერიგებინა ყოველი და მშვიდობა დაემყარებინა მისი ჯვრის სისხლით, დედამიწაზე თუ ზეცაში”. 

შემდეგ აგრძელებს სახარებაზე ლაპარაკს და ამბობს, რომ ქრისტეს სიკვდილის გამო უფლის წინაშე წმინდები, უბრალონი და უბიწონი ვართ წარდგენილნი (კოლასელთა 1:21, 22). პავლე ნათლად მოწმობს, რომ ქრისტე არის ღმერთი, რომელიც არის დასაბამიდან და რომ ღმერთმა დაუსვა თავისი სისავსე დასახლებულიყო ქრისტეში ადამიანთან ურთიერთობის, შერიგების გულითვის. ღმერთის სისავსე გარკვევით ჩანს იესოს მსახურებაში ამ ქვეყანაზე, როდესაც ისეთ სასწაულებს ახდენდა, რომელთა მოხდენაც სხვას არავის შეეძლო. როდესაც ქალი იესოს მოსასხამის კიდეს შეეხო, განიკურნა (მარკოზის 5:21-34). მოწაფეებმა წყალზე მომავალი უფალი დაინახეს (მათეს 14:22,23). იესომ რამდენიმე დღის მკვდარი ლაზარე გააცოცხლა (იოანეს 11:38-44). ასისთავის მსახური იესოს სიტყვამ შორი მანძილიდანაც განკურნა (ლუკას 7:1-10). იესო კურნავდა დავრდომილებს, ბრმებს, კოჭლებს და მომაკვდავებს. ლუკას 4:40 მუხლში წერია: ,,მზის ჩასვლისას ყველამ, ვისაც ჰყავდა სხვადასხვა სენით დაავადებული, მასთან მიიყვანა; მან ყოველ მათგანს ხელები დაასხა და განკურნა”. დემონებიც კი იაზრებდნენ თუ ვინ იყო იგი! ლუკა აგრძელებს: ,,ბევრისგან ეშმაკებიც გამოდიოდნენ, ყვიროდნენ და ამბობდნენ: "შენ ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა!” ის კი რისხავდა და უკრძალავდა ლაპარაკს, რადგან იცოდნენ მათ, რომ ქრისტეა იგი” (ლუკა 4:41). 

იესო არის

  • ალფა და ომეგა, პირველი და უკანასკნელი, დასაწყისი და დასასრული (გამოცხადების 1:8; 1:17,18; 21:6,7; 22:13)
  • ღმერთის გამოხატულება (ებრაელთა 1:3; კოლასელთა 1:15)

არსებობს მტკიცებულება, რომ ქრისტეს აქვა მამა ღმერთის მახასიათებლები. როგორ იქნებოდა ეს შესაძლებელი იესო რომ ღმერთი არ იყოს? ლოგიკურად რომ დავფიქრდეთ, თუ კი მას ის მახასიათებლები აქვს, რომლებიც მხოლოდ ღმერთს შეიძლება ჰქონდეს, ანუ თავადაც ღმერთია, სხვა შემთხვევაში მამა ღმერთი. აი რამდენიმე ღვთიური მახასიათებელი:

  • უცვლელი - ებრაელთა 1:10-12; 13:8 
  • თვითარსებადი - იოანეს 1:1-3; 5:26
  • ღვთაებრიობის სისავსე - კოლასელთა 2:9
  • სუვერენულობა - მათეს 28:18; იოანეს 17:2; საქმე მოციქულთა 2:36; 1 კორინთელთა 12:3; ფილიპელთა 2:9, 10; კოლასელთა 1:18; 1 პეტრეს 3:22; გამოცხადების 19:16;
  • ყოვლისმცოდნე - გამოცხადების 1:8; იოანეს 1:48; იოანეს 16:30; იოანეს 21:17; მათეს 22:18; მათეს 12:25
  • ყველგანმყოფი - მათეს 18:20; მათეს 28:20; იოანეს 3:13; იოანეს 14:18-23
  • ყოვლისშემძლე - ლუკას 8:25; 1 კორინთელთა 15:25-28; ფილიპელთა 3:21; ცოლასელთა 1:16,17; ებრაელთა 1:3; იუდას 1:24
  • წმინდა - საქმეების 3:14; 4:27-30
  • შემოქმედი - კოლასელთა 1:16, 17; ებრაელთა 1:10
  • სიცოცხლე - იოანეს 1:4; 14:6; საქმეების 3:15

დავაკვირდეთ ისევ იოანეს სახარებას. იესომ იცის, რომ ახლოვდება ჟამი და სიცოცხლის ბოლო საათებს მისი და მამმის ერთობაზე საუბარს უთმობს. იოანეს 14-17 თავებში იესო მოწაფეებს ესაუბრება, ლოცულობს საკუთარ თავზე, მოწაფეებზე და ყველა მორწმუნეზე. იოანეს 14:19-23 მუხლებში იესო მის მომავალ სიკვდილზე საუბრობს და ამბობს: ,,იმ დღეს გაიგებთ, რომ მე მამაჩემში ვარ, თქვენ ჩემში ხართ, და მე - თქვენში” (იოანეს 14:20). შემდეგ კი აგრძელებს: ,,ხოლო ნუგეშისმცემელი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლენს მამა, გასწავლით და გაგახსენებთ ყველაფერს, რაც თქვენთვის მითქვამს”(იოანეს 16:26). საკუთარ თავზე ლოცვისას იესო ამბობს:

,,ამ ლაპარაკის შემდეგ, იესომ ცას მიაპყრო თვალები და თქვა: "მამაო, დადგა ჟამი განადიდო შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ. ვინაიდან ყველა ხორციელზე მას მიეცი ხელმწიფება, რათა ყველას, ვინც მას ჩააბარე, საუკუნო სიცოცხლე მისცეს. ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც მოავლინე - იესო ქრისტეს. მე განგადიდე დედამიწაზე, აღვასრულე საქმე, რომელიც მომეცი გასაკეთებლად. ახლა კი განმადიდე შენით მამაო, იმავე დიდებით, რაც წუთისოფლის გაჩენამდე მქონდა შენთან” (იოანეს 17:1-5).

მორწმუნეებზე ლოცვისას იესომ მამა ღმერთს სთხოვა, რომ ,,ერთი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ ერთი”.  ამ თავებში იესო არაჩვეულებრივად საუბრობს და ხსნის რომ ის და მამა ერთნი არიან. 100% ღმერთმა და 100% ადამიანმა ქრისტემ, თავი მამის ნებას დაუმორჩილა.

იესოს რწმენა ნიშნავს ღმერთის, როგორც მამის რწმენას და ამავდროულად მათ თანასწორობას სამების სახით. 1 კორინთელთა 12:3 მუხლის მიხედვით: ,,არავის შეუძლია თქვას: "უფალია იესო” - თუ არა სულიწმიდით”. იესოს ღვთაებრიობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქრისტიანობაში, რეალობა, რომ ღმერთმა ხორცი შეისხა და თავი დაიმდაბლა. ზეცა დატოვა და ცოდვილ დედამიწაზე ჩამოვიდა, რათა გადავერჩინეთეს არის წყალობა, მადლი და უპირობო სიყვარული.

იესოს ღვთაებრიობაზე მეტი ინფორმაციისთვის წაიკითხეთ სტატია სამების შესახებ.

2022-03-31 უკან დაბრუნება